ფეირვერკი

Related image

ეს თვალწარმტაცი სილამაზე შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი სმენისთვის და სამუდამოდ დაგიქვეითდეთ სმენა!
ახალი წელი ახლოვდება და რა თქმა უნდა ახმაურდა გარემოც, სულ უფრო აქტიურად გამოიყენება საახალწლო ასაფეთქებლები. ერთი შეხედვით თითქოს სახალისო და უვნებელი ასაფეთქებელი, რომელიც ბავშვებს სიხარულსა და აღტაცებას ჰგვრის, შესაძლოა ფრიად საშიში აღმოჩნდეს როგორც მისი, ასევე ახლოს მყოფი სხვა ბავშვისა თუ მოზრდილის სმენისთვის. ერთი აფეთქებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს სამუდამოდ დაუზიანდეს შიგნითა ყურის ბუსუსოვანი უჯრედები და დაუქვეითდეს სმენა.
ფეიერვერკები? ულამაზესია, თვალწარმტაცი! მაგრამ მისმა ხმამ შესაძლოა 150 დეციბელამდეც მიაღწიოს (რა არის დეციბელები და რამდენი დეციბელია მავნებელი სმენისთვის?). ეს არის ის ხმა, რომელმაც შეიძლება წამში დააზიანოს თქვენი სმენა სამუდამოდ.
ჩვენ აღვნიშნავთ ახალ წელს, ვეგებებით მას სიხარულისა და ბედნიერების ყიჟინით, მაშხალებით, ფეიერვერკებითა და სხვადასხვა ხმაურიანი ტკაცუნებით. რატომღაც ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ამ დროს ჩვენი სმენა არის დიდი რისკის ქვეშ და შედეგმა შეიძლება სამუდამო კვალი დატოვოს ჩვენს ცხოვრებაზე. მაღალი ხმა აზიანებს სმენას! განსაკუთრებით ფაქიზია ბავშვების სმენა და მშობლებო, სანამ ბავშვებს გარეთ გაიყვანთ, რომ ეს საახალწლო სილამაზე აჩვენოთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. გქონდეთ თან სმენის დამცავები, ეს დაზიანება არის მყისიერი და მისი აღდგენა არ ხდება. მაღალი ხმა არა მხოლოდ აზიანებს თქვენს სმენას, არამედ ის იწვევს ტინიტუსის სიმპტომსაც, ხმაურს თქვენს ყურებში. აბა დაფიქრდით, წარმოიდგინეთ თავი შემდეგ სიტუაციაში: ირგვლივ სიჩუმეა, სიწყნარე და თქვენ გაბმული სტვენა, შუილი და შრიალი ჩაგესმით ყურში… და ეს ხმები თქვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია… სადაც არ უნდა წახვიდეთ, რაც არ უნდა აკეთოთ, ის მუდამ თქვენთან არის…
თქვენ წაიკითხეთ ეს სტატია და ფიქრობთ: “რა სისულელეა, რამდენჯერ ვყოფილვარ მსგავს ხმაურში და არაფერი დამმართნია, მშვენივრად მესმის”.
ბოლოს როდის შეიმოწმეთ სმენა?
რა თქმა უნდა, ამ სტატიის მიზანი არ არის, ჩაგიხშოთ საახალწლო მხიარულება, არამედ იმ საშიშროების წინა პლანზე წამოწევა, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და არც კი ვიცით, რომ მაღალი ხმა შეიძლება საზიანო იყოს ჩვენი სმენისთვის.

Comments