სანტა კლაუსი და თოვლის პაპა


Related image
მე ნანა ვარ - (წერილი თოვლის ბაბუას) 
გამარჯობა თოვლის ბაბუა!
მე ნანა ვარ, არ ვიცი გახსოვართ თუ არა, მე მუდამ გწერდით წერილებსა და ჩემს სურვილებს…
დედა მასწავლიდა რომ უფროსებს თქვენობით უნდა ესაუბროო...
ჰოდა, მეც გწერდით დიდი მოკრძალებით, გწერდით მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი…როცა ახალი ნასწავლი მქონდა წერა-კითხვა, ანუ აცა-ბაცად, მინგრეულ-მონგრეული ასოებით, ბავშვის სუფთა ნატვრებითა და მელანში დათხუპნული ხელებით...
გწერდით მერეც, როცა უკვე ლამაზად წერა ვისწავლე…
გწერდით ჩემს ოცნებებს, ფიქრებს...
მე, მუდამ მჯეროდა, რომ თქვენ ნამდვილი იყავით…
და რწმენა იმისა, რომ რეალურად არსებობდით იმდენად დიდი იყო ჩემში, მე, ახლაც კი მჯერა თქვენი არსებობა…
დედა მასწავლიდა, რომ თოვლის ბაბუა დიდი, მხარ-ბეჭიანი და თეთრ წვერა, კეთილი მოხუციაო…მე მიკვირდა, მოხუცი თუა,როგორ დადის მეთქი ასე კარდაკარ…
ყოჩაღი მოხუციაო ამბობდა დედა…
მე ვიცოდი, რომ თქვენ ამ ქვეყნად ყველაზე კეთილი სახე და თვალები გქონდათ…ღმერთისნაირი…
მე, არაფერი ვიცოდი ღმერთის შესახებ, მაგრამ ვიცოდი, რომ იყო იგი...დიდი, ცისხელა, თეთრი ქათქათა წვერებით და ძალიან თბილი თვალებით…სწორედ თქვენნაირი…
მე მჯეროდა, რომ ყოველ ახალ წელს ღმერთი მიწაზე ჩამოდიოდა, თოვლის ბაბუას ნაბადს მოირგებდა და საჩუქრებს არიგებდა სიკეთესავით…
დედა ამბობდა, მარტო ახალ წელს კი არა, ღმერთი სულ ჩამოდისო და ყველგან არიგებსო სიკეთეს…
როცა დავწვებოდი დიდხანს ვფიქრობდი ამაზე…
წარმოვიდგენდი, რომ მუხლებზე დამისვამდი და მომეფერებოდი…
მერე მომიყვებოდი სიკეთეზე, სიყვარულზე და ეს ოცნება ისეთ სიტკბოში გამიტყუებდა, სულ აღარ მახსოვდა საახალწლო საჩუქარი...
მე, მუდამ მჯეროდა თქვენი არსებობის, მჯეროდა მაშინაც, როცა უკვე დიდი გოგო ვიყავი…როცა ვხედავდი ჩემს პატარა და-ძმას როგორ უყვებოდა დედა თოვლის ბაბუაზე…და მე, სულარ მეცინებოდა!
სულაც არ ვფიქრობდი, რომ თოვლის ბაბუა საახალწლოდ მოგონილი ზღაპრის გმირი იყო…
მერე კიდევ გავიზარდე, უფრო გავიზარდე...დიდი გავხდი…
უკვე ვიცოდი, რომ რეალურად არასოდეს მინახიხართ, ვიცოდი და მაინც ჯიუტად მჯეროდა…
თოვლის ბაბუა, მე ახლაც მჯერა თქვენი, მჯერა რომ არსებობთ, დადიხართ კარდაკარ და სიკეთეს არიგებთ, მაგრამ არა მარტო ახალ წელს, არამედ სულ, მუდამ…
უბრალოდ საახალწლო სამოსით ბავშვებს ახარებთ…
იცით, მე ახლა ძალიან, ძალიან დიდი ვარ…
და მაინც ბავშვად დარჩენილ გულში მყავხართ, ისევ იმ ფერებითა და წარმოსახვით, როგორც მაშინ, ნამდვილ ბავშვობაში…
როცა მეგონა, რომ ბოროტება არ არსებობდა…არ არსებობდა სიკვდილი და შიმშილი…
თოვლის ბაბუა, მე არასოდეს ვყოფილვარ მდიდარი, მე არასოდეს მიცხოვრია პრინცესაც სასახლეში, არც დიდ სახლში ნიცხოვრია, მაგრამ არასოდეს მშიოდა…არასოდეს მციოდა…
მე გავიზარდე და ახლა უკვე ვიცი, რამდენი ბავშვია ვისაც შია, სცივა და არა აქვთ შოკოლადები…
თოვლის ბაბუა_კეთილო ღმერთო, მე უკვე დიდი ვარ და ახლა სხვანაირი სათხოვარი მაქვს თქვენთან:
გთხოვ, გამიმთლიანე საქართველო…
სამშობლოში დააბრუნე ყველა ქართველი…
შეხსენი ბოქლომები მიტოვებულ სახლებს..
დაანთე ცეცხლი მიმქრალ კერიებზე…
გთხოვ, დაუბრუნე დედა ყველა მიტოვებულ ბავშვს…
მიეცი სითბო და საჭმელი მრავალი შვილით აჟღურტულებულ ოჯახებს…
ჩვილებით გაავსე სამშობიარო სახლები...
დაუნთე ცეცხლი, შეციებულ ბავშვებს ბუხრებში მამის მიტანილი შეშით და დაუტრილე დედის გამომცხვარი პურის სუნი...
თოვლის ბაბუა, მე აღარ მინდა თქვენი მოტანილი საჩუქარი, ჩემს ტოლ "გოგო-ბიჭებსაც" აღარ უნდათ მჯერა…
ჰოდა, ჩვენი წილიც მათ წაუღე…ჩვენ კი, სიხარული მოგვიტანე სიკეთის კეთებისა, მათი გაბედნიერებით გამოწვეული სიხარილი...
თოვლის ბაბუა, მე მუდამ მჯეროდა თქვენი არსებობა…
მე ახლაც მჯერა, რომ თქვენ მამა ღმერთივით კეთილი სახე გაქვთ და სათნოებით სავსე გული...
მე ისიც მჯერა რომ გაგახსენდით…
მე ნანა ვარ, ბავშვის დაუღლელ ნატვრებში ჩარჩენილი დიდი ქალი...

Comments